(GE) თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე კომისიის წევრებთან ერთად გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის ინსტიტუტს ეწვია.

 

სტუმრებს ელიავას ინსტიტუტის დირექტორმა, დოქტორმა მზია ქუთათელაძემ უმასპინძლა, რომელმაც ისაუბრა ელიავას ინსტიტუტის, საქმიანობის, პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

 

შეხვედრის დროს სტუმრებმა დაათვალიერეს ინსტიტუტის სამეცნიერო და სასწავლო ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა და მუზეუმი, ასევე ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრი. ინსტიტუტში ამჟამად ხორციელდება მრავალი საერთაშორისო პროექტი, ფუნქციონირებს შვიდი სამეცნიერო ლაბორატორია. ერთსა და იმავე ტერიტორიაზე თავმოყრილია ლაბორატორიულ-დიაგნოსტიკური ცენტრი, ფაგური პრეპარატების წარმოება, ფაგოთერაპიის ცენტრი – სამკურნალო დაწესებულება და აფთიაქი, ეს ორგანიზაციები უზრუნველყოფენ მაღალი ხარისხის, ეფექტურ, ფაგზე – დაფუძნებული პროდუქტებისა და სერვისების მიწოდებას.

 

შეხვედრისას ზურაბ ჩიკვილაძემ ყურადღება გაამახვილა ინსტიტუტის მნიშვნელობაზე როგორც საზოგადოებისთვის ასევე მეცნიერებისთვის. „გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის ინსტიტუტს 100 წლიანი ისტორია აქვს, ეს არის ინსტიტუტი, რომლისკენ მომართული მსოფლიო ყურადღება საუკუნეა არ ნელდება. მსგავსი ინსტიტუტის არსებობა ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი პირობაა,“ – განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

 

წყარო : https://www.facebook.com/share/p/sCaEnYYjBJUutDdy/?mibextid=WC7FNe