(GE) პერსონალიზებული მედიცინა ეფუძნება ცოდნასა და გამოცდილებას, რომ ერთი და იმავე დაავადების მქონე სხვადასხვა პაციენტი ანალოგიურ მკურნალობაზე სხვადასხვაგვარად რეაგირებს. ეს ნიშნავს, რომ ერთი პრეპარატი შეიძლება მაღალეფექტური იყოს კონკრეტულ პაციენტში, მაგრამ მას უკუეფექტი ჰქონდეს სხვა პაციენტთან. აღნიშნულზე გავლენას არაერთი საკითხი ახდენს.
დადასტურებულია, რომ პერსონალიზებულ მედიცინას პოტენციალი გააჩნია, მნიშვნელოვნად გაზარდოს მკურნალობის ეფექტურობა. ის გარკვეულწილად უპირისპირდება სტანდარტიზებულ მედიცინას, რომელიც დაავადების წინასწარ მკაცრად შემუშავებული და გაწერილი გაიდლაინებით მკურნალობას გულისხმობს.
პერსონალიზებული მედიცინა ეტაპობრივად ინერგება საქართველოშიც. ამ მიმართულებით მოწინავეა ელიავას ინსტიტუტი, რომელსაც აქვს უნიკალური შესაძლებლობა გამოყოს კონკრეტული ბაქტერიის მიმართ სრულიად სპეციფიური ფაგი და შექმნას ამ პერსონალური ფაგის პრეპარატი, ეგრეთ წოდებული „ავტოფაგი“.
დეტალურად, თუ რას ნიშნავს პერსონალიზებული მედიცინა და რა უპირატესობები აქვს მას, ელიავას საერთაშორისო ფაგოთერაპიის ცენტრის დირექტორი დავით სტურუა და ამავეცენტრის თერაპევტი ლია ნადარეიშვილი გვესაუბრებიან.
რას ნიშნავს პერსონალიზებული მედიცინა?
პერსონალიზებული მედიცინა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ზუსტი მედიცინა, არის მიდგომა ზოგადად ჯანდაცვაში, რომელიც მკურნალობის სტრატეგიის შერჩევისას ითვალისწინებს თითოეული პაციენტის გენოტიპს, მის თავისებურებებს, ინდივიდის გარემოსა და ცხოვრების წესს. პერსონალიზებული მედიცინის მიზანია, სამედიცინო გადაწყვეტილებების, მკურნალობის, პრაქტიკის და სამკურნალ საშუალებების ინდივიდუალურ პაციენტზე მორგება.
პერსონალიზებული მედიცინა ფართო მცნებაა და რამოდენიმე მნიშვნელოვან, ძირითად კომპონენტს მოიცავს, რომელთა საშუალებით ხდება ინდივიდის ძირითადი მახასიათებლების, მაგალითად, გენეტიკური, მეტაბოლური, ცილოვანი სტრუქტურის და სხვათა დადგენა. ეს კი იძლევა დაავადების რისკის შეფასების, მკურნალობაზე პასუხის პროგნოზირების და მიზნობრივი თერაპიის იდენტიფიცირების საშუალებას. პერსონალიზებული მედიცინა ასევე ითვალისწინებს პაციენტის სპეციფიკურ მონაცემებს, როგორიცაა: ავადმყოფობის ისტორია, გარემო ფაქტორები, ცხოვრების წესი და პრეფერენციები მორგებული მკურნალობის გეგმების შემუშავებისთვის.
ამ კომპონენტების ინტეგრირებით, პერსონალიზებული მედიცინა მიზნად ისახავს გააუმჯობესოს სამედიცინო მკურნალობის სიზუსტე და ეფექტურობა, შეამციროს არასასურველი ეფექტები. ის წარმოადგენს გადახვევას ჯანდაცვის ტრადიციული, ერთიანი მიდგომიდან, უფრო ინდივიდუალური და ზუსტი ინტერვენციებისკენ.
რატომ გახდა აქტუალური მსოფლიოში ეს მიდგომა?
პერსონალიზებული მედიცინა სულ უფრო აქტუალური ხდება მსოფლიოში რამდენიმე ფაქტორის გამო:
მთლიანობაში, პერსონალიზებული მედიცინა წარმოადგენს პარადიგმის ცვლილებას ჯანდაცვის სფეროში, რომელსაც აქვს პოტენციალი, მოახდინოს რევოლუცია დიაგნოზის, მკურნალობისა და პრევენციის სტრატეგიებში. პერსონალიზებული მედიცინა, სავარაუდოდ, უფრო და უფრო მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ჯანდაცვის მომავლის ფორმირებაში.
საქართველოში რა ვითარებაა ამ მიმართულებით?
საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, პერსონალიზებული მედიცინა ახალია და შესაბამისად, მკურნალობისადმი ამ მიდგომის გამოყენება, თავისი კლასიკური გაგებით, ნაკლებად ხდება, თუმცა ტენდეციები ამ მიმართულებით ბოლო პერიოდში უფრო გამოიხატა.
ამ კუთხით განსაკუთრებით გვინდა გამოვყოთ ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრი, რომელიც ფაგებით მკურნალობის ფონზე პერსონალიზებული მიდგომის ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს.
თერაპიის ეს მეთოდი საქართველოში ორგანულად დაეფუძნა გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, ვირუსოლოგიის და ბაქტერიოლოგიის ინსტიტუტის ასწლოვან სამეცნიერო მიღწევებს. ამ მხრივ საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია მსოფლიოში.
ფაგოთერაპია ნამდვილად არის პერსონალიზებული მკურნალობის ფორმა, რასაც რიგი ფაქტორები განაპირობებს:
მიზნობრიობა – ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებისგან განსხვავებით, რომლებსაც შეუძლიათ მავნე ბაქტერიებთან ერთად სასარგებლო ბაქტერიების განადგურება, ფაგები ძალიან სპეციფიკურია გარკვეული ბაქტერიების შტამებისთვის. ეს სპეციფიურობა და მიზანმიმართულობა ბაქტერიული ინფექციების ზუსტი მკურნალობის საშუალებას იძლევა ისე, რომ ორგანიზმის მიკრობიომის დარღვევა მინიმუმამდეა შემცირებული.
საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, პერსონალიზებული მედიცინა ახალია და შესაბამისად, მკურნალობისადმი ამ მიდგომის გამოყენება, თავისი კლასიკური გაგებით ნაკლებად ხდება. საქართველოში ფუნქციონირებს რამოდენიმე კლინიკა, ონკოლოგიური და შინაგანი დაავადებების მიმართულებით, სადაც წარმატებით გამოიყენება პაციენტების მიმართ პერსონალიზებული მიდგომა.
ფაგების „მორგების“ შესაძლებლობა ბაქტერიულ შტამებთან – ფაგოთერაპიის პერსონალიზებული მიდგომის ერთ-ერთი მთავარი ასპექტია სპეციფიკური ფაგების შერჩევა, რომლებიც ეფექტურია ინფექციის გამომწვევი კონკრეტული ბაქტერიული შტამის წინააღმდეგ (ინდივიდუალური პაციენტის სამკურნალოდ). ფართო სპექტრის მქონე ბაქტერიოფაგები, რომლებიც ავლენენ აქტივობას სხვადასხვა ე.წ. „მასპინძელი“ ბაქტერიის მიმართ, მზა სახით არსებობენ (ფაგური პრეპარატები), თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, ეს მზა, „ფიქსირებული“ შემადგენლობის ფაგური პრეპარატები არ მოქმედებენ ზოგიერთი პაციენტის დაავადების გამომწვევზე, და სწორედ ამ შემთხვევაში, სპეციფიური ფაგის (ე.წ. ავტო-ფაგის) დამზადება უაღრესად მნიშვნელოვანია.
ადაპტაცია და მოქნილობა – ფაგოთერაპია ავლენს მოქნილობას მკურნალობის სქემებში, არსებობს საშუალება მოხდეს ამ სქემების კორექტირება, როგორც მკურნალობაზე პაციენტის რეაქციის მიხედვით, ასევე ინფიცირებულ ბაქტერიულ პოპულაციაში ცვლილებებზე დაყრდნობით. ფაგების გამოყენება შესაძლებელია ადგილობრივად, პერორალურად, რექტალურად, ინსტილაციის და ინჰალაციის გზით, ინფექციის ადგილისა და სიმძიმის მიხედვით. მკურნალობის პროტოკოლები შეიძლება მორგებული იყოს ცალკეულ პაციენტზე ისეთი ფაქტორების საფუძველზე, როგორიცაა: ინფექციის მდებარეობა, პაციენტის იმუნური სტატუსი და სხვა სამედიცინო პირობების არსებობა.
კომბინირებული თერაპიის პოტენციალი – ფაგოთერაპია შეიძლება გამოყენებულ იქნას ანტიბიოტიკებსა ან სხვა ანტიმიკრობულ საშუალებებთან ერთად მკურნალობის ეფექტურობის გასაძლიერებლად. ამ შემთხვევაში შესაძლებელია ანტიბიოტიკის დაბალი დოზით გამოყენება, რაც ამ ანტიბაქტერიული საშუალების გვერდითი მოვლენის შემცირების საშუალებას იძლევა. კომბინირებული თერაპიის ეს პერსონალიზებული მიდგომა კლინიცისტებს საშუალებას აძლევს, მოახდინონ მკურნალობის რეჟიმის მორგება ინფექციის სპეციფიკურ მახასიათებლებზე და პაციენტის კლინიკურ მდგომარეობაზე.
მონიტორინგი და მეთვალყურეობა – ზოგადად, ინდივიდუალური თერაპია, მათ შორის ფაგოთერაპიაც ხშირად გულისხმობს პაციენტების მჭიდრო მონიტორინგს, რათა შეფასდეს მკურნალობის შედეგი, აღმოჩენილი იქნას ნებისმიერი გვერდითი ეფექტი და შეიცვალოს მკურნალობის ტაქტიკა საჭიროებისამებრ. ეს შეიძლება მოიცავდეს რეგულარულ კლინიკურ შეფასებებს, ლაბორატორიულ ტესტებს და ვიზუალიზაციის კვლევებს, რათა მოხდეს ინფექციის კონტროლი და უზრუნველყოფილი იყოს ოპტიმალური გამოსავალი.
ბოლო წლების განმავლობაში, ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის გლობალური პრობლემის კონტექსტში. ფაგოთერაპიამ განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები და შეზღუდვები, მათ შორის მარეგულირებელი დაბრკოლებები ფიქსირებული ფაგური პრეპარატების ლეგალური აღიარების მხრივ, შემდგომი კლინიკური კვლევების საჭიროება და სხვა, ქართველი მეცნიერების და ექიმების მიმდინარე მიღწევები დიდ პოტენციალს შეიცავს, ბაქტერიული ინფექციების ბაქტერიოფაგებით პერსონალიზებული მკურნალობის კუთხით.
რომელი დაავადების მქონე პაციენტები მოგმართავენ უფრო ხშირად?
ელიავას ფაგოთერაპიულ ცენტრს მომართავენ არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, არამედ პაციენტები მსოფლიოს ოთხმოცამდე ქვეყნიდან, მათ შორისაა: ნიდერლანდები, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, აშშ, ინდოეთი, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, შვეიცარია, ავსტრია, ჩინეთი და სხვა.
უცხოელი პაციენტები ძირითადად მოგვმართავენ ქრონიკული ბაქტერიული ინფექციებით გამოწვეული დაავადებების ანტიბიოტიკებით უშედეგო მკურნალობის შემდეგ. ეს დაავადებებია:
რაც შეეხება ქართველ პაციენტებს, ისინი უპირატესად კუჭ-ნაწლავის სხვადასხვა დაავადებით, ძირითადად, ფუნქციური დარღვევევებით, ნაწლავური დისბიოზით გამოწვეული პრობლემებით გვაკითხავენ. ასევე, ხშირია მომართვიანობა ურო-გენიტალური, სასუნთქი გზების, სინუსების, ქირურგიული გართულებების, ჭრილობების და კანის სხვადასხვა ბაქტერიული ინფექციებით.
რას სთავაზობთ პაციენტებს პერსონალიზებული მედიცინის მიმართულებით?
ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრი, ასოცირებულია გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტთან. ცენტრს ფაგოთერაპიის სამკურნალო და პროფილაქტიკური მიზნებით გამოყენებაში განსაკუთრებული გამოცდილება აქვს. ჩვენ გვყავს შინაგანი მედიცინის, პედიატრიის, უროლოგიის, ქირურგიის, დერმატოლოგიის, გინეკოლოგიისა და ოტორინილარინგოლოგიის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები. ცენტრი პაციენტებს სთავაზობს კომპლექსურ სამედიცინო მომსახურებას, რომლის სამკურნალო სტრატეგიის ქვაკუთხედი ბაქტერიოფაგების გამოყენებაა.
კლინიკაში პაციენტს აქვს შესაძლებლობა, აირჩიოს მომსახურების ორი ძირითადი მკურნალობის კურსიდან ერთ-ერთი:
ჩვენს ცენტრში ასევე დანერგილია ტელემედიცინა, რომელიც საშუალებას გვაძლევს მეთვალყურეობა გავუწიოთ პაციენტის მკურნალობის მთელ პროცესს.
რა პრინციპებით ხდება სამკურნალო სქემის შერჩევა?
პაციენტის მკურნალობის სქემის შერჩევისას მთავარი ფოკუსი, რა თქმა უნდა, ბაქტერიული ინფექციის გამომწვევის იდენტიფიცირებასა და ზუსტი ფაგის მორგებაზე კეთდება. ამისთვის პაციენტს, დაავადების სპეციფიკის გათვალისწინებით, უტარდება სხვადასხვა გამონაყოფის (სისხლის, ნახველის, შარდის, განავლის, პირის ღრუს, ხახის, ცხვირის, ყურის ნაცხების, ჭრილობის ნაცხის, ჩირქის, საშოს ნაცხის, ურეთრის ნაცხის, პროსტატის სეკრეტის და სხვა) ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა.
ზოგადი მდგომარეობის შესწავლისა და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით პაციენტებს საჭიროებისამებრ სხვა ლაბორატორიული და მაღალტექნოლოგიური კვლევებიც უტარდებათ.
მოგვიყევით პერსონალიზებული ფაგების შესახებ
ელიავას კონსორციუმში შემავალ წარმოებაში „ელიავა ბიოპრეპარატები“ მზადდება რამოდენიმე ფაგური პრეპარატი, რომელთა სპექტრი მოიცავს ინფექციების გამომწვევ ძირითად ბაქტერიებს: სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები, ფსევდომონასი, ენტეროკოკები, ნაწლავური ჯგუფის ბაქტერიები და სხვა. თუმცა ელიავას ინსტიტუტს გააჩნია ბაქტერიოფაგების მსოფლიოში უდიდესი კოლექცია, რომლის საფუძველზე მეცნიერებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა გამოყონ კონკრეტული ბაქტერიის მიმართ სპეციფიური ფაგი, და შექმნან ამ ფაგის პრეპარატი, ეგრეთ წოდებული, „ავტოფაგი“ ინდივიდუალური მოხმარებისთვის. ეს ხდება იმ შემთხვევებში, როდესაც დაავადების გამომწვევი არის ისეთი ბაქტერია, რომლის ფაგური კომპონენტი (მაგ. კლებსიელა, აცინეტობაქტერია) არ შედის მზა პრეპარატში, ასევე, როდესაც ფართო სპექტრის კომერციული ფაგების მიმართ რეზისტენტულ ბაქტერიასთან გვაქვს საქმე, ან პაციენტის პერსონალური საჭიროება მოითხოვს ამას.
სწორედ ეს სერვისი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ფაგოთერაპია ჭეშმარიტად პერსონალიზებული თერაპიაა.