მიმდინარე წლის 3-7 ივლისს თბილისში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია “VOM2023”, რომელიც ეხებოდა მიკრობების ვირუსებს – ვირუსების სამყაროს ყველაზე მრავალრიცხოვან და იდუმალ ნაწილს. კონფერენციის ხუთ ასეულზე მეტ უცხოელ მონაწილეთა შორის, რომლებიც ხუთივე კონტინენტის 54 ქვეყანას წარმოადგენდნენ, იყვნენ საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების გამორჩეული წარმომადგენლები.

კონფერენცია ორგანიზებული იყო საქართველოს ზოგადი და გამოყენებითი მიკრობიოლოგთა ასოციაციის, ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ.

კონფერენციის მთავარი ორგანიზატორები გახლდათ პროფესორი ნინა ჭანიშვილი და პარიზის პასტერის ინსტიტუტის საპატიო პროფესორი დავით ფრანგიშვილი.

კონფერენციაზე განხილული იქნა მიკროორგანიზმების ვირუსების ევოლუცია, მრავალფეროვნება, მათი როლი გარემოში და ადამიანის ორგანიზმში და სხვა ფუნდამენტური საკითხები.

კონფერენციის გახსნით, პირველ სესიაზე, რომელიც მიეძღვნა ფაგოთერაპიის საკითხებს, განსაკუთრებული ყურადღებით აღინიშნა გ.ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტის ასწლოვანი გამოცდილება და წარმატებული საქმიანობა ფაგების შესწავლასა და გამოყენებაში.

მსოფლიოში ფაგოთერაპიის აღიარების ამჟამინდელი მდგომარეობისა და მომავალი პერსპექტივების შესახებ ელიავას სახ. ინსტიტუტში ჩატარდა სპეციალური სესია, სადაც მოხსენებებით წარდგნენ საქართველოს, ისრაელის, ბელგიის, ავსტრალიის, კანადის და გერმანიის მეცნიერები, ასევე აშშ „საკვები პროდუქტებისა და წამლის სააგენტო“-ს (FDA) წარმომადგენელი.